English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘ უშანგი სამადაშვილი
საქართველოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარების ობიექტური აუცილებლობა და ძირითადი პრიორიტეტები

სტატიაში მაკროეკონომიკურ მაჩვენებელთა ანალიზისა და შედარების საფუძველზე დახასიათებულია საქართველოს ეკონომიკაში არსებული არასახარბიელო მდგომარეობა. ნაჩვენებია მოსახლეობის ერთ სულზე რეალური მთლიანი შიგა პროდუქტის დაბალი მაჩვენებელი, ანუ ცხოვრების არასაკმარისი დონე და ევროკავშირისგან სერიოზული ჩამორჩენა.

სათანადო გათვლებისა და აბსტრაქციის მეთოდის საფუძველზე დასაბუთებულია ამგვარი მდგომარეობიდან გამოსვლისა და ევრვოკავშირთან ეტაპობრივი დაახლოებისთვის ეკონომიკის წლიური არა 3%-ით, არამედ უფრო მაღალი ტემპით, სტაბილური და გრძელვადიანი ზრდის ობიექტური აუცილებლობა. განსაზღვრულია დაჩქარებული ზრდის ძირითადი პრიორიტეტები.

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური ზრდის ტემპი, ცხოვრების დონე, მშპ მოსახლეობის ერთ სულზე, დროის ყიდვა, პრობლემები და შესაძლებლობები, ხარვეზები და რეზერვები, ძირითადი პრიორიტეტები.

საქართველოს ეკონომიკაში არსებული არასახარბიელო მდგომარეობა

ამთავითვე ისმის კითხვა – რა მდგომარეობაა საქართველოს თანამედროვე ეკონომიკაში? გარეშე თვალით, საქართველო, ერთი მხრივ, პოსტსაბჭოურ ქვეყნებს შორის გამოირჩევა თავისი საბაზრო-ინსტიტუციონალური გარდაქმნებით, ხოლო, მეორე მხრივ, მან ვერა და ვერ გადაწყვიტა თავისი ძირეული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები [1].

უფრო კონკრეტულად - მსოფლიო ბანკი ყოველწლიურად აქვეყნებს მსოფლიო ეკონომიკების ანალიტიკურ კლასიფიკაციას, რომლის მიხედვით კატეგორიები ეფუძნება ქვეყნის სიმდიდრის განსაზღვრის შედარებით უფრო ზუსტ, მოსახლეობის ერთ სულზე მშპ-ს მეთოდს. ახალი კლასიფიკაციით ქვეყნები ასე განაწილდნენ: დაბალი შემოსავლების ჯგუფი - მშპ მოსახლეობის ერთ სულზე 1025$ ან ნაკლები; ქვედა საშუალო შემოსავლების ჯგუფი – მშპ მოსახლეობის ერთ სულზე 1025$- დან 4035$-მდე; ზედა საშუალო შემოსავლების ჯგუფი – მშპ მოსახლეობის ერთ სულზე 4036$-დან 12476$-მდე; მაღალი შემოსავლების ჯგუფი -მშპ მოსახლეობის ერთ სულზე 12476 $ და მეტი.

ახალი კლასიფიკაციის მიხედვით, მართალია, საქართველომ მოსახლეობის ერთ სულზე 4160 აშშ დოლარით ქვედა საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნიდან ზედა საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების კატეგორიაში გადაინაცვლა (ზედა საშუალო შემოსავლების ჯგუფი-მშპ მოსახლეობის ერთ სულზე 4 036 დოლარი- დან 12 476 დოლარამდე), მაგრამ აღნიშნული მაჩვენებლით ის მაღალი შემოსავლების ჯგუფის ქვეყნების მინიმალურ ზღვარს (12476 დოლარი მოსახლეობის ერთ სულზე) მაინც ჩამორჩება დაახლოებით სამჯერ, ხოლო ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს (32000 დოლარი მოსახლეობის ერთ სულზე)-დაახლოებით 7,7 ჯერ. საქართველო ქვედა საშუალო შემოსავლების ქვეყნების კატეგორიაში გასული თხუთმეტი წლის მანძილზე იმყოფებოდა, იქამდე კი დაბალშემოსავლიანი ქვეყნების ჯგუფში მოიაზრებოდა [2].

ცნობილია ისიც, რომ უსაფრთხოების ინდიკატორებიდან გამომდინარე, ქვეყანა მყარად ვითარდება მხოლოდ იმ შემთხვევეში, როდესაც საარსებო მინიმუმს დაბლაა მოსახლეობის მაქსიმუმ 10%–ის შემოსავლები და მისი მოქალაქეები გამოიმუშავებენ იმდენ შემოსავალს (მოსახლეობის ერთ სულზე არა ნაკლებ 12476 დოლარი), რომლითაც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფენ ბაზარზე მდგრად მოთხოვნას და, მეორე მხრივ, ქმნიან დანაზოგებს, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნჵს მათი მფლობელების სასარგებლოდ და ეროვნული ეკონომიკის განვითარების დასაფინანსებლად. იმ შემთხვეაში, როდესც მშპ მოსახლეობის ერთ სულზე საარსებო მინიმუმზე (არსებობისათვის აუცილებელი საშუალებები მინიმალური ფასებით) დაბალია, ადამიანებს ნაკლებ მიუწვდებათ ხელი განათლებაზე, სამედიცინო მომსახურებაზე, უწევთ შიმშილობა, არასათანადოდ ჩაცმა-დახურვა და ავადმყოფობა. ცხადია, ბევრი ამ სიღარიბესა და დუხჭირ ცხოვრებას ვერ უძლებს და კვდება, რის შედეგადაც მოსახლეობის რაოდენობა მცირდება და მოსახლეობის ერთ სულზე მშპ-ის საშუალო სიდიდე გარკვეულად მატულობს.

ხაზგასასმელია, რომ საშუალო შემოსავალი გარკვეულწილად მაცდური მაჩვენებელია. რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურად ზოგს 4160 დოლარზე მეტი და ზოგს ნაკლები შემოსავალი აქვს. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ 2016 წელს რეგისტრირებული სიღარიბის მაჩვენებელი, ანუ სახელმწიფო საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობა შეადგენს 10,1%-ს. ე.ი. საქართველოში ყოველი მეათე ადამიანი ღარიბია. მოსახლეობის 20% კი ფარდობით სიღარიბეშია, ანუ საქართველოში საშუალო შემოსავლის 60%-ზე ნაკლებს მოიხმარს მოსახლეობის 20%, ხოლო 40%-ზე ნაკლებს – 7,1% [რეგისტრირებული და ფარდობითი სიღარიბე, 3].

საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 20%-ის ფარდობითი სიღარიბე ბიზნესის დაბალგანვითარებულობის არამხოლოდ შედეგი, არამედ მიზეზიცაა, რადგანაც ღარიბი, არასაკმარისად გამოკვებილი და ჩაცმულ-დახურული, არასათანადო განათლებითა და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფილი ადამიანებისაგან ეკონომიკური უკუგება დაბალია. სწორედ ამიტომ, სიღარიბის შეზღუდვის პრობლემა უნდა განვიხილოთ არამხოლოდ ჰუმანურობის, არამედ ეროვნული მეურნეობის აღმშენებლობის უდიდესი პოტენციალის შენარჩუნებისა და ეფექტიანად ამოქმედების პოზიციებიდანაც.

მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე, წარმოუდგენელია ქვეყანა, სადაც მოსახლეობის ერთ სულზე შემოსავალი საქართველოს მაჩვენებლის ტოლი ან ნაკლებია და მის მოქალაქეებს არ აწუხებთ უმუშევრობის, სიღარიბის, დაბალი ხელფასების, განათლების დაბალი დონის, ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისა და სხვა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები. ამ მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი კი ეკონომიკის ზრდაა [4].

აღნიშნულზე ნათლად მეტყველებს პოსტსოციალისტური ტრანსფორმაციის პერიოდში საქართველოში განვითარებული მოვლენები. კერძოდ, საქართველოში 1990 წელს მშპ მოსახლეობის ერთ სულზე შეადგენდა 2684 დოლარს, ხოლო 1994 წელს შემცირდა 252 დოლარამდე. დამოუკიდებელ საქართველოში მშპ-ს ზრდა დაიწყო 1995 წლიდან. 1990-2015 წლებში საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდა ტოლი იყო 3,3%-ის. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 1996 წელს საქართველოში წარმოებული იქნა 3 062 მლნ დოლარის მშპ მიმდინარე ფასებით, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა იყო 5 მლნ. შესაბამისად, 1996 წელს მოსახლეობის ერთ სულზე მშპ-მა შეადგინა 629 დოლარი. 2015 წელს საქართველოში წარმოებული იქნა 14 068 მლნ დოლარის მშპ მიმდინარე ფასებით, ხოლო მოსახლეობის რაოდენობამ შეადგინა 3 713 000 კაცი. შესაბამისად, 2015 წელს მოსახლეობის ერთ სულზე მშპ ტოლი იყო 3 789 დოლარის (2015 წელს მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებულ მაჩვენებლებში ასახულია მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემები!), ხოლო 2016 წელს – 3852 დოლარი. როგორც ჩანს, საანალიზო პერიოდში (1996-2015წწ.) მოსახლეობის რაოდენობა (5 000 000-3713000)=1 287 000 კაცით შემცირდა [ 5].

მაშასადამე, საქართველოში, XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან დღემდე, ცხოვრების დონე გარკვეულად ამაღლდა არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის, არამედ მოსახლეობის რაოდენობის შემცირების ხარჯზეც. თავის მხრივ, მოსახლეობის რაოდენობის შემცირება განაპირობა, ჯერ ერთი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევამ, სამუშაო ადგილების დეფიციტის გამო შრომითმა ემიგრაციამ და, მეორე, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო სიკვდილიანობის ზრდამ და შობადობის შემცირებამ. ჩვენი აზრით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სამუშაო ადგილების ზრდას, შრომითი ემიგრანტების უკან დაბრუნებასა და მოსახლეობის სიცოცხლის გახანგრძლივებას ხელი უნდა შეუწყოს ეფექტიანმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, ხოლო შობადობის ზრდას – გონივრულმა დემოგრაფიულმა პოლიტიკამ.

საინტერესოა საქართველოში როგორი ტემპებით იზრდებოდა რეალური მშპ 2006-2016 წლებში: ბოლო ათი წლის განმავლობაში მშპ-ის ზრდის დინამიკა ასე გამოიყურება:12% – 2005წ., 9.4% – 2006წ., 12.3% – 2007წ., -2.3% – 2008წ., 3.8% – 2009წ., 6.3% – 2010წ., 7.2% – 2011წ., 6,2% – 2012წ., 3,4% – 2013წ., 4,6% – 2014წ., 2,8% – 2015წ., 2,7% – 2016 [5]. მარტივი გამოთვლით, საანალიზო პერიოდში ეკონომიკის საშუალოწლიური ზრდის ტემპი იყო 5,3%. ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი (12,3%) დაფიქსირდა 2007 წელს. მშპ-ს მაჩვენებელი შემცირდა 2008 წელს და შეადგინა (-2,3%), რაც განაპირობა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომმა და ამავე პერიოდის მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა.

როგორია ეროვნული მეურნეობის თითოეული დარგის წილი საქართველოს ეკონომიკის ზრდაში 2016 წელს? 2016 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა (17,1%) და ვაჭრობა (16,3%). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10,1%), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (9,3 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (9,1%), მშენებლობა (8,3%), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,6%), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (5,8 %), დანარჩენი დარგები 17,5% [5].

რაც შეეხება საქართველოს რეალურ მშპ-ს მოსახლეობის ერთ სულზე, იმავე საანალიზო პერიოდში (2006-2015 წწ), ასეთი დინამიკით ხასიათდებოდა: 1763.5 დოლარი – 2006წ., 2314.6 დოლარი – 2007წ., 2921.1 დოლარი – 2008წ., 2455.2 დოლარი – 2009წ., 2623.0 დოლარი – 2010წ., 3230.7 დოლარი – 2011წ., 3523.4 დოლარი – 2012წ, 3596.6 დოლარი – 2013წ., 3681 დოლარი – 2014წ., 3 789 დოლარი (მსოფლიო ბანკის მონაცემებით – 4160 დოლარი) – 2015წ., 3852 დოლარი – 2016წ. [5].

ქვეყანაში არსებულ მაკროეკონომიკურ ფონს კარგად ახასიათებს უმუშევრობის ნორმაც. უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით უმუშევრობის ნორმა 5-6%-ია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით 2012 წელს, როდესაც საქართველოში ახალი ხელისუფლება მოვიდა, უმუშევარი იყო 305 100 კაცი და უმუშევრობის დონე შეადგენდა 15%-ს. 2013 წელს კი საქართველოში უმუშევრობის დონე გაუტოლდა 14,6%-ს, ხოლო უმუშევართა რაოდენობა-291 800 კაცს. 2014 წელს უმუშევრობის დონე წინა წელთან შედრებით 12,4%-მდე შემცირდა და უმუშევართა რაოდენობამ შეადგინა 246 000 კაცი, ხოლო 2015 წელს უმუშევრობის დონე 12%-მდე შემცირდა და უმუშევართა რაოდენობამ შეადგინა 241 600 კაცი, 2016 წელს კი უმუშევრობის დონე 11,8 %-მდე შემცირდა და უმუშევართა რაოდენობამ შეადგინა 241 000 კაცი, [5]. ე.ი. საანალიზო პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 64 100 კაცით, ანუ 21%-ით. თუმცა, საქართველოში უმუშევრობის დონე ჯერ კიდევ დაახლოებით ორჯერ მეტია უმუშევრობის უსაფრთხოების ნორმაზე. ეს კი ზრდის ფაქტობრივი მშპ-ის პოტენციური მშპ-დან ჩამორჩენას, უმუშევრობას, სიღარიბესა და სიღატაკეს.

ხაზგასასმელია ისიც, რომ უმუშევრობის მთლიანად აღმოფხვრა თვით ქვეყნისთვის არახელსაყრელია, რადგანაც უმუშევართა გარკვეული არმია ყოველთვის აიძულებს მომუშვე პერსონალს მაღალ დონეზე შეასრულოს თავისი სამუშაო, რათა მისი ადგილი უმუშევარმა არ დაიკავოს; უმუშევრობა დამქირავებელს საშუალებას აძლევს არჩევანი გააკეთოს დასაქირავებლებიდან; უმუშევრობის აღმოფხვრა, ანუ სრული დასაქმება წაახალისებს ინფლაციას და სხვ.  საქართველოში, ბოლო ოცდახუთი წლის განმავლობაში, საბჭოთა ბაზრის დაკარგვისა და პოსტსოციალისტური გარდაქმნებისას ადამიანთა ერთმა ნაწილმა დაკარგა არა მხოლოდ სამუშაო, არამედ პროფესია, სპეციალობა და კვალიფიკაციაც. ე. ი. საჭიროა შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისად მათი პროფესიული მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება, დატრენინგება და სხვა. ნურც იმას დავივიწყებთ, რომ განვითარებულ, დინამიკურ ქვეყნებში ადამიანები თავიანთი შრომით ბიოგრაფიის მანძილზე სულ ცოტა სამჯერ იცვლიან პროფესიას და იმაღლებენ კვალიფიკაციას. უმუშევრობის შემცირებაში ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, სამუშაოს მიმცემთა განთავისუფლება ბიუროკრატიული მარწუხებისაგან, რადგანაც დამქირავებლებზე ზიანის მიყენებით ვვნებთ სამუშაოს მაძიებლებსაც. ამასთან, საჭიროა არა უბრალოდ დასაქმება, არამედ ეფექტიანი დასაქმება, რათა კორუფციას, ჩრდილოვან ეკონომიკას და სიღარიბეს საფუძველი გამოეცალოს. აშშ-ში პროდუქციისა და მომსახურების ხარისხი მაღალია იმიტომ, რომ იქ მუშიდან დაწყებული, მენეჯერით დამთავრებული, ყველა ექვემდებარება უწყვეტ განათლებას. შესაბამისად, საქართველოში უმაღლესი განათლება ორგანულადუნდა ერწყმოდეს უმაღლესამდე და უმაღლესის შემდგომი განათლების საფეხურებს და ერთიანი სისტემის ორგანულ შემადგენელ ნაწილს შეადგენდეს.

ცნობილია, რომ საქართველო ესწრაფვის გლობალურ და რეგიონულ ეკონომიკაში დაბალანსებულ ინტეგრაციას. ცალსახაა ისიც, რომ საქართველოს სტრატეგიული ორიენტირია ევროკავშირთან ინტეგრაცია. ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაცია კი გულისხმობს არატერიტორიული, არამედ სოციალურ- ეკონომიკური განვითარების დონის, ცხოვრების სტანდარტებისა და ფასეულობების (დემოკრატიული, საკანონმდებლო, კულტურული, საგანმანათლებლო და სხვა) მიხედვით დაახლოებას, ანუ ევროპეიზაციას [6,გვ.127].

სწორედ ამიტომ, ბუნებრივად ისმის კითხვა – როგორ დგას ევროკავშირსა და მის ეკონომიკურად ყველაზე სუსტ ქვეყნებთან საქართველოს ეკონომიკური განვითარების დონით დაახლოების საკითხი?

ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს (მოსახლეობის ერთ სულზე რეალური მშპ 32000 დოლარი) საქართველო ჩამორჩება დაახლოებით 7,7 ჯერ; ევროკავშირთან კონვერგენციულ კრიტერუმს, ანუ განვითარებული ქვეყნის მინიმალურ კრიტერიუმს (მოსახლეობის ერთ სულზე მშპ 12476 დოლარი) - დაახლოებით სამჯერ. ევროკავშირის ეკონომიკურად ყველაზე სუსტი ქვეყნის, ბულგარეთის 20014 წლის შესაბამის მაჩვენებელს (მოსახლეობის ერთ სულზე რეალური მშპ 7530 დოლარი) – დაახლოებით 1,7-ჯერ [8, გვ.84].

მაშასადამე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ტერიტორიულად მნიშვნელოვნად დაუახლოვდა ევროკავშირს (განსაკუთრებით ბოლო გაფართოების შემდეგ, როდესაც მასში გაწევრიანდა რუმინეთი და ბულგარეთი) და 2014 წლის 27 ივნისს მასთან გაფორმდა ასოცირების შეთანხმება, ეკონომიკური განვითარების დონით მას მაინც საგრძნობლად ჩამორჩება.

ისმის მორიგი კითხვა – საქართველოს, აღნიშნული ჩამორჩენის დაძლევისთვის, ანუ ცხოვრების ცივილიზებულ დონეზე გასვლისთვის, რამდენი დრო დასჭირდება? -ეს    დრო    დამოკიდებულია     საქართველოს      ეკონომიკის     მოძრაობის 'სიჩქარეზე", ანუ ზრდის ტემპზე. როგორ გავარკვიოთ მოსახლეობის ერთ სულზე საშუალო შემოსავალი რა პერიოდის განმავლობაში გაორმაგდება? ამისათვის ეკონომიკურ მეცნიერებაში არსებობს ე.წ. "70-ის წესი", რომლის თანახმად, თუ რაიმე ცვლადი წელიწადში X%-ით იზრდება, მაშინ ეს ცვლადი ორმაგდება დაახლოებით 70/X წელიწადში. მაგალითად, თუ საქართველოში ეკონომიკა საშუალოდ 7%-ით იზრდება, მაშინ საშუალო შემოსავალი გაორმაგდება 70/7=10 წელიწადში. ეკონომიკურ თეორიაში ფართოდ ცნობილი "70-ის" წესის გამოყენებით, თუ ამოვალთ ჩვენი ქვეყნის ბოლო ოცდახუთი წლისთვის დამახასიათებელი საშუალო ეკონომიკური ზრდის 3,3%-იანი მაჩვენებლიდან, მაშინ ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს საქართველო მიაღწევს 69 წელიწადში. გაანგარიშების სიმარტივისთვის 4160 დოლარი დავამრგვალოთ 4000 დოლარად, ხოლო საშუალო ეკონომიკური ზრდის 3,3%-3%-ად. ეკონომიკის 3%-ით ზრდის შემთხვევაში 4000 დოლარის მშპ-ს გაორმაგებას, ანუ მშპ-ს 8 000 დოლარამდე გაზრდას დასჭირდება 70/3=23 წელი; 8 000 დოლარის მშპ-ის გაორმაგებას, ანუ მშპ-ს 16 000 დოლარამდე გაზრდას დ 23 წელი; 16 000 დოლარის მშპ-ის გაორმაგებას, ანუ მშპ-ის 32 000 აშშ დოლარამდე გაზრდას კვლავ -23 წელი. საბოლოო ანგარიშით, ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს (მოსახლეობის ერთ სულზე მშპ 32000 დოლარი) საქართველო მიაღწევს 69 წელიწადში. იგივე პრინციპით, ევროკავშირთან კონვერგენციულ კრიტერიუმს, ანუ განვითარებული ქვეყნის მინიმალურ კრიტერიუმს (მოსახლეობის ერთ სულზე 12 476 დოლარი) საქართველო მიაღწევს დაახლოებით 30 წელიწადში, ხოლო ბულგარეთის 20014 წლის შესაბამის მაჩვენებელს (მოსახლეობის ერთ სულზე მშპ 7530 დოლარი)  დაახლოებით 13 წელიწადში.

ჩვენი აზრით, საქართველოს პერსპექტივის შესახებ რეალური სურათის მიღებისთვის მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მხარეების ეკონომიკური განვითარების არამხოლოდ სასტარტო მდგომარეობა, არამედ მათი ეკონომიკური ზრდის თითოეული პროცენტის "ხვედრითი წონა"და მოსახლეობის ზრდის ტემპიც, რომელიც განვითარებადი ქვეყნის კვალობაზე, როგორც ითქვა, საქართველოში დაბალია. ამგვარი მიდგომით, თუ ამოვალთ იქიდან, რომ საქართველოში 2015 წელს რეალური მშპ მოსახლეობის ერთ სულზე 4160 ამერიკული დოლარია და ეკონომიკური ზრდა 1990-2015 წლებში საშუალოდ 3,3%, ხოლო ევროპის ერთ-ერთ განვითარებულ ქვეყანაში, გერმანიაში კი, შესაბამისი მაჩვენებლები ტოლია 44 000 დო- ლარისა და 2%-ის. მაშინ, სხვა თანაბარ პირობებში, საქართველოში მშპ მოსახლეობის ერთ სულზე წელიწადში 125 დოლარით გაიზრდება, ხოლო გერმანიაში – 880 დოლარით. აქედან გამომდინარე, წლიური 3,3%-იანი ეკონომიკური ზრდით საქართველო არა მხოლოდ ვერ დაეწევა განვითარებულ ქვეყნებს, არამედ ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისითაც კი დაშორდება მათ და დარჩება ჩამორჩენილი ქვეყნების რიგებში.

ამგვარად, საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონის სისტემატური ამაღლებისა და განვითარებული ქვეყნებისაგან ჩამორჩენის დაძლევისთვის აუცილებელია არა ბოლო ოცდახუთი წლისათვის დამახასიათებელი ეკონომიკის საშუალოწლიური 3,3%-ით ზრდა, არამედ, საგარეო სავაჭრო-ეკონომიკური ვექტორების ქვეყნობრივი (საბაზრო), სასაქონლო სტრუქტურის და უცხოური ინვესტიციების დივერსიფიკაციის საფუძველზე გაცილებით მაღალი, 7 და მეტი პროცენტული მაჩვენებლით სტაბილური და გრძელვადიანი ზრდა.ასეთ შემთხვევაში მოსახლეობის საშუალო შემოსავალი ყოველ ათ წელიწადში გაორმაგდება. შესაბამისად, სხვა თანაბარ პირობებში, საქართველო ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს (მოსახლეობის ერთ სულზე მშპ 32000 აშშ დოლარი) დაუახლოვდება 30 წელიწადში, ევროკავშირთან კონვერგენციულ კრიტერიუმს, ანუ განვითარებული ქვეყნის მინიმალურ კრიტერიუმს (მოსახლეობის ერთ სულზე რეალური მშპ 12 476 დოლარი) – 15 წელიწადში და ევროკავშირის ეკონომიკურად ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყნის, ბულგარეთის 2014 წლის შესაბამის მაჩვენებელს (მოსახლეობის ერთ სულზე რეალური მშპ 7530 დოლარი) – 7 წელიწადში.

ჩვენი აზრით, შემოთავაზებული 7-პროცენტიანი ტემპით ეკონომიკის ზრდა სავსებით რეალურია საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ჯერ ერთი, იმიტომ რომ არსებობს ამის პრქტიკა. მაგალითად, ოთხჯერადი ვარდნის შემდეგ, 1996- 1997 წლებში მოხერხდა 11%-იანი ზრდა. ასევე, 2003-2007 წლებში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 10,1%-ით იზრდებოდა: 8,6% – 2003წ; 8,4% – 2004წ; 12% – 2005წ; 9.4% – 2006წ; 12.3% – 2007წ. [53], და, მეორე, იმიტომ, რომ არსე- ბობს სერიოზული რეზერვები, კერძოდ: გამოუყენებულია ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის დაახლოებით 75%, დაუმუშავებელია სახნავი მიწების დიდი ნაწილი, სოფლად გასატარებელი კოოპერირება, ინდუსტრიალიზაცია და მოდერნიზაცია გაზრდის მწარმოებლურობას და გამოანთავისუფლებს შრომით რესურსებს მომსახურების სფეროსათვის, ასევე კვებისა და მსუბუქი მრეწველობისათვის, რომელიც სუსტად არის წარმოდგენილი შრომის საერთაშორისო დანაწილებაში, დიდი პოტენციალია საწარმოო მშენებლობაში, ქვეყანაში ჯერ კიდევ მაღალია უმუშევრობის ფაქტობრივი ნორმა და არაეფექტიანია დასაქმება, ჩამოსაყალიბებლია მცირე და საშუალო ბიზნესის დინამიკური განვითარების გარემო, რაც დააჩქარებს საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურული ადაპტაციის პროცესს, ახალი საწარმოების ჩამოყალიბება-ფუნქციონირებას, ეკონომიკის შიდა მოთხოვნაზე რეაგირებას და შეამცირებს არაგონივრულ იმპორტს. ამასთან, პერმანენტულად იზრდება ბაზრის მასშტაბები და საგარეო მოთხოვნა. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, თურქეთთან, ჩინეთსა და დსთ-ს ქვეყნებთან. საქართველო შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმით სარგებლობს, აგრეთვე, ეკონომიკურად განვითარებულ ისეთ სტრატეგიულ ქვეყნებთან, როგორიცაა აშშ, კანადა, იაპონია. ქვეყანა სარგებლობს უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმით ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრებთან. ეს, საერთო ჯამში, ორ მლრდ-ზე მეტი მომხმარებლის ბაზარია, რაც აყალიბებს ვეებერთელა საბაზრო პოტენციალს, რომლის გონივრული გამოყენების შემთხვევაში საგრძნობლად დაჩქარდება საქართველოს ეკონომიკური ზრდა. ასევე მნიშვნელოვანია ე.წ. "დროის ყიდვა", ანუ განვითარებული ქვეყნების პოზიტიური და ნეგატიური გამოცდილების გონივრული გამოყენება, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, მოსახლეობითა და ტერიტორიით საქართველოზე გაცილებით ისეთ პატარა ქვეყნებში, როგორიცაა: ბალტიიპირეთის რესპუბლიკები, მალტა, კვიპროსი, ლუქსემბურგი და სხვა, რომლებიც უკვე ეზიარნენ ევროპულ მშვიდობას, სტაბილურობას, ეკონომიკურ განვითარებასა და კეთილდღეობას.

ეკონომიკური ზრდის დაჩქარების ძირითადი პრიორიტეტები

არსებული მონაცემების მიხედვით, საქართველოს ექსპორტის ამჟამინდელი სტრუქტურა გარკვეულწილად ასახავს ქვეყანაში შეფარდებითი უპირატესობის მქონე დარგებს. სწორედ ამიტომ, ზემოხსენებული ეკონომიკური ზრდის დაჩქარება შესაძლებელია საქართველოში გამოვლენილი შეფარდებითი უპირატესობის მქონე შემდეგ სექტორებში: ჰიდროენერგეტიკა, ტრანსპორტირება, უწინარეს ყოვლისა, ენერგეტიკული რესურსებისა, აგრეთვე – სოფლის მეურნეობა, კვებისა და მსუბუქი მრეწველობა, არა მხოლოდ საბინაო, არამედ საწარმოთა მშენებლობაც, ტურიზმი და ფინანსური სექტორი [9, გვ. 76.].

უფრო კონკრეტულად, საქართველოს ეკონომიკის ზრდის დაჩქარებაში ყველაზე მეტი წვლილის შეტანა შეუძლია შემდეგ პრიორიტეტულ სექტორებს: ჰიდროენერგეტიკა. საქართველოს ეკონომიკის ზრდა დღეს პირდაპირ უკავშირდება ინდუსტრიული წარმოების შექმნას, რაც, თავის მხრივ, ენერგეტიკის განვითარებას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო დარჩება ჩამორჩენილი ქვეყანა. ბოლოდროინდელი კვლევებით საქართველოს ჰიდროპოტენციალი ათვისებულია დაახლოებით 25 %-ით. ეს პრობლემაც არის და გამოუყენებელი შესაძლებლობაც. აი, ამ გამოუყენებელი პოტენცილის ამოქმედება ხელს შეუწყობს ქვეყნის არა მხოლოდ ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას, არამედ, ერთი მხრივ, ელექტროენერგიის ექსპორტს და, მეორე მხრივ, ამ ენერგიაზე მომუშავე საწარმოების ჩამოყალიბებას, მათ საშინაო და საგარეო ბაზარზე ორიენტირებას და ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოში ამჟამად ელექტროენერგიის 75% იწარმოება ჰიდროელექტროსადგურებზე, 20% თბოელექტროსადგურებზე კი 800 მლნ კვტ/სთ ელენერგია შემოდის რუსეთიდან. ამოცანა ისაა, რომ იმპორტული რუსული ელენერგია, რომელიც ყოველწლიურად 5%-ით მატულობს, ჩავანაცვლოთ საკუთარი ენერგო-რესურსებით. ამ მიმართულებით გარდაბანში შენდება ორი თბოელექტროსადგური, საიდანაც 500-600 მგვტ ახალ სიმძლავრეებს მივიღებთ. მაგრამ ეს თბოელექტროსადგურები მუშაობს გაზზე. გაზი კი არ არის სამამულო ენერგორესურსი. ამ მიმართებით საჭიროა გაზის ალტერნატივები და მათი სწორად შერჩევა. გაზის რაც უფრო მეტი მილსადენი და წყარო იქნება (თურქმენეთი, ირანი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და სხვა), მით მაღალი იქნება დივერსიფიკაცია და ნაკლები – რისკები. თუმცა, ყველა მილსადენი და ყველა წყარო სანდო არ არის.აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც მიწისქვეშა გაზსაცავი არ გააჩნია, რაც მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის გაზის მოწოდების დაუგეგმავი შეწყვეტის, აგრეთვე, მოწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული სეზონური დისბალანსის გამო. სწორედ ამიტომ, ხსენებული საფრთხეებისა და რისკების შემცირებისათვის მიზანშეწონილია აშენდეს მიწისქვეშა გაზსაცავი, რომლის ტევადობა იქნება წლიური მოხმარების მინიმუმ 15%. გაზსაცავები მსოფლიოს ყველა წამყვან ქვეყანას გააჩნია. სულ მსოფლიოში 635 გაზსაცავია. ამიერკავკასიის რეგიონში სამი მიწისქვეშა გაზსაცავია – ორი აზერბაიჯანში და ერთი - სომხეთში.

საქართველოში თანდათან იწყება განახლებადი, ადგილობრივი რესურსების ათვისება და გამოყენებაც. ამას ადასტურებს ქალაქ გორში 20 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით შენდება. 150 მეგავატის სიმძლავრის ნახშირის ქვესადგური, რომლის პროექტიც ტყიბულში უნდა განხორციელდეს. გარდა ამისა, მზის გამოსხივებაც საქართველოში საკმაოდ მაღალია: ბევრ რაიონში მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 250-დან 280 დღემდე მერყეობს. შესაბამისად, მზის ელექტროსადგურის მშენებლობაზეც არიმსჯელობა. თუმცა, ამ ეტაპზე, ჰიდრორესურსი ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი იმედია და მას მზის, ან ქარის ენერგია კონკურენციას ვერ გაუწევს [10].

სწორედ ამიტომ, ჩვენი აზრით, საქართველოს ენერგოუსაფრთხოების ძირითადი წყარო უნდა იყოს სამამულო ჰიდროენერგორსურსი. საქართველოს აქვს 63 ჰიდრელექტროსადგური, რომელთა სიმძლავრეები ძირითადად ათვისებულია, ისინი მაქსიმუმს გამოიმუშავებენ. ამიტომ, აუციელებელია მათ დაემატოს ახალი ჰიდროელექტროსადგურები. არსებობს ორი ტიპის ჰიდროელექტროსადგური: მდინარის მოდინებაზე მომუშავე და რეზერვუარიანი. იმისათვის, რომ ხსენებულ იმპორტს დავაღწიოთ თავი, საჭიროა: ერთი თბოელექტროსადგურის მშენებლობის დასრულება და ახალი 230-500 მგვტი-ანი ახალი თბოელექტროსადგურის აშენება. ასევე, საჭიროა აშენდეს 1500-2000 მგვტი-ანი სიმძლავრის მცირე და საშუალო მოდინებაზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგური, საიდანაც ელექტროენეგრგიის მიღება მხოლოდ სეზონურად არის შესაძლებელი. უნდა აშენდეს, ასევე, 1800 მგვტი-ანი რეზერვუარიანი სტრატეგიული პროექტები: ხუდონჰესი, ნენსკრაჰესი, ენგურის კასკადი, რომლებიც ჰიდროენერგიას გამოიმუშავებენ შემოდგომა-ზამთარში, მაგრამ ყოველივე ამას წინ უნდა უსწრებდეს ინფრასტრუქტურის განვითარება. ყოველივე ამის საფუძველზე, ელექტროენერგიის ტარიფებმა (ფასებმა), ერთი მხრივ, ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკურ განვითარებას და, მეორე მხრივ, შეინარჩუნოს ქვეყანაში ჯანსაღი სოციალური გარემო;

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ტვირთებისა და ენერგოპროდუქტების გადაადგილებისათვის. აღმოსავლეთ-დასავლეთსა და ჩრდილოეთ-სამხრეთს შორის საქართველოს ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობა, მისი საერთაშორისო სატრანზიტო კონკურენტუნარიანობისა და ლოგისტიკურ და სავაჭრო ჰაბად გადაქცევის ერთ-ერთი ძირითადი პირობაა. სწორედ ამ პოტენციალის რეალიზაციისაკენ არის მიმართული არსებული და მშენებარე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა: ევროპა-კავკასია-აზიას შორის სატრანსპორტო კორიდორი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი, ევროპის ყაზახეთთან და ჩინეთთან დამაკავშირებელი ყარსი-ახალქალაქი-თბილისი-ბაქოს სარკინიგზო მაგისტრალი, საავტომობილო მაგისტრალი. ასევე, ბათუმის, ფოთისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომლის მშენებლობის დამთავრება 2019 წლისთვის არის დაგეგმილი, რაც საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობის ლოგისტიკურ და სავაჭრო ჰაბად ჩამოაყალიბებს. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს საქართველოს საერთაშორისო სატრანზიტო ფუნქციის რეალიზებას, რეექსპორტის ახალი შესაძლებლოებების გაჩენასა და ექსპორტზე ორიენტირებული სამამულო, თუ უცხოური საწარმოების მშენებლობას. ეს, ერთი მხრივ, გამოაჯანსაღებს საქართველოს მძიმე სავაჭრო ბალანსს და მეორე მხრივ, გაზრდის დასაქმებას, შემოსავლებსა და კეთილდღეობას. ამ მიზნით, აუცილებელია, ასევე, ფართო რეკლამა და ბრენდირება, რომ საქართველო რეგიონში არის ღია, ყველაზე უსაფრთხო, ეკონომიური და მოკლე გზა ევროპასა და აზიას, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის.

სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობა უნდა ეცადოს უკეთ გამოიყენოს ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, რათა ეკონომიკური სარგებელი მოუტანოს საკუთარ მოსახლეობას. ამ მიმართებით მშენებარე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ხელს შეუწყობს ერთიანი ეკონომიკური ინტერესების მატარებელი ბლოკის ჩამოყალიბებას, რომელშიც თითოეული ქვეყანა შეძლებს მეტი სარგებელი მოუტანოს საკუთარ მოსახლეობას. მაგრამ ამისთვის მათ აუცილებლად უნდა შექმნან ერთიანი ინფრასტრუქტურა, რათა შეძლონ დააკავშირონ ბაზრები და შესაძლებელი გახდეს საქონლისა და მომსახურების რეგიონის ქვეყნებს შორის თავისუფალი გადაადგილება. ამერიკული კომპანიები ამ რეგიონში შეიტანენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, სერვისს, სათანადო გამოცდილებასა და ცოდნას [11];

სოფლის მეურნეობა და მასთან დაკავშირებული კვებისა და მსუბუქი მრეწველობა. სოფლის მეურნეობა მთავარი მიმართულებაა, რომელიც საჭიროებს განვითარებას საქართველოში იმიტომ, რომ საქართველო არის აგრარული ქვეყანა. პარადოქსია, რომ აგრარულ ქვეყანაში პროდუქციის 85% იმპორტირებულია და ამავდროულად სახნავი მიწების 40% არის დაუმუშავებელი. ეს სერიოზული ხარვეზია, მაგრამ ამავდროულად სერიოზული რეზერვიც. აი, ამ რეზერვების ამოქმედება და დარგის განვითარება უზრუნველყოფს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას, რეგიონებში შექმნის სამუშაო ადგილებს, გაზრდის დოვლათს, შემოსავლებს და წაახალისებს მასთან დაკავშირებული კვებისა და მსუბუქი მრეწველობის განვითარებას. მიუხედვად ბოლო წლებში ამ დარგის ბენეფიციარებზე გაცემული 300 მლნ ლარზე მეტი სუბსიდიებისა და ათასზე მეტი შექმნილი კოოპერატივისა, დარგს შიგნით და ქვედარგობრივი ჭრილით მაინც შეიმჩნევა ასიმეტრიულობა და არასაკმარისი ეფექტიანობა. კერძოდ, 2015 წელს 2012 წელთან შედარებით მეცხოველეობის ზრდის ტემპი არის დაბალი, ხოლო მემცენარეობაში და მომსახურებაში უმნიშვნელო წინსვლაა, რაც, გარკვეულწილად, იმით უნდა აიხსნას, რომ სოფლად მომსახურების წილი ისედაც მეტად დაბალია, სოფლის მეურნეობა შედარებით ინერტულია და დაბანდებული კაპიტალის უკუგება დიდ დროს მოითხოვს. აგრეთვე იმით, რომ ადგილობრივი ფერმერული მეურნეობები არც საკმარისად განვითარებულია და არც იმ მასშტაბისაა, რომ ქვეყანაში არსებული მოთხოვნა დააკმაყოფილოს. სწორედ ამიტომ, ბაზრის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ იმპორტირებულ ხორცს უჭირავს [12]. ამჟამად საქართველოში 1,745 მლნ ადამიანია დასაქმებული. აქედან უმეტესობა, 888 ათასი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, 744 ათასამდე – მომსახურების სფეროში, ხოლო 113 ათასი – მრეწველობაში. ეს მაშინ, როდესაც მსოფლიო მასშტაბით, დასაქმებულთა უმეტესობა მომსახურების სფეროში მუშაობს [13]. მაშასადამე, თუ სოფლის მეურნეობაში არ ამაღლდა შრომის მწარმოებლურობა, არ გამოთავისუფლდა აქედან სამუშაო ძალა სხვა დარგებისათვის, ვერ განვითარდება მასთან დაკავშირებული გადამამუშავებელი, კვების მრეწველობა და მსუბუქი მრეწველობა, სადაც სამრეწველო პროდუქციის 50-60% იწარმოება სოფლის მეურნეობის მიერ მიწოდებული ნედლეულისა და ნახევაფაბრიკათების საფუძველზე და სადაც გაბატონებულია მცირე და საშუალო ბიზნესი. შესაბამისად, ვერ განვითარდება ტურიზმი და მომსახურების სხვა დარგებიც. მნიშვნელოვანია, ასევე, პერსპექტივაზე გათვლილი, სოფლის მეურნეობის თითოეული დარგის განვითარების სტრატეგია. საქართველოში უნდა არსებობდეს სამსახური, რომელიც მოეხმარება სამამულო მეწარმეებს უცხოურ ბაზრებზე შესვლასა და იქ დამკვიდრებაში. საჭიროა წახალისდეს ის ფერმერული მეურნეობები და პროდუქცია, რომელიც უფრო მოთხოვნადია საზღვარგარეთის ბაზრებზე;

ტურიზმი. საქართველოს ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის, მდიდარი ბუნებრივ-სოციალურ-კულტურული რესუსრებისა და ქართველთა სტუმარ- თმოყვარეობის გათვალისწინებით, ტურიზმი ეროვნული მეურნეობის ერთ-ერთი (და არაერთადერთი!) პრიორიტეტული მიმართულებაა. ტურიზმი ხელს უწყობს დასაქმების დონის ზრდას, რადგანაც მასში ერთი სამუშაო ადგილის შექმნა უშუალოდ მომიჯნავე დარგებში (ტრანსპორტი, მომსახურება, ვაჭრობა და სხვა) ქმნის 3 ახალ სამუშაო ადგილს; ტურიზმი აჩქარებს მრავალი მომიჯნავე და არამომიჯნავე დარგების განვითარებას, ზრდის მშპ-ს, სავალუტო ნაკადების შემოდინებას და სხვა. ხაზგასასმელია, რომ ქვეყანაში, სადაც ტურიზმი იმპორტზეა დამო- კიდებული, მისი ეფექტიანობა ერთობ დბალი და სარისკოა. სწორედ ამიტომ საჭიროა ტურიზმი საქართველოს სოფლის მეურნეობამ უზრუნველყოს და არა იმპორტულმა პროდუქციამ. აღსანიშნავია ისიც, რომ ტურისტული პროდუქტი არ არის პირველადი მოთხოვნის საქონელი. ტურისტული მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გარკვეული შემოსავლების, დანაზოგების მქონე ადამიანებს, რომელთაც ამავდროულად აქვთ მზარდი დროის ბიუჯეტი და მოგზაურობის სურვილი (მოტივი). ეს ტურიზმს უაღრესად მგრძნობიარეს ხდის პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების მიმართ;

ფინანსური სექტორი. ქართული ბიზნესის ერთ-ერთი ნათელი წერტილია საბანკო სექტორი, რომელიც ორგანიზებულობის დონის მიხედვით წინ უსწრებს ეკონომიკის სხვა სექტორებს. ეს განაპირობა საბანკო სისტემის ორბუნებოვნებამ. ერთი მხრივ, ის არის ეროვნული ეკონომიკური სისტემის და, მეორე მხრივ, მსოფლიო ფინანსური სიტემის ნაწილი. სწორედ ეს ორბუნებოვნება აიძულებს მას განვითარდეს უფრო სწრაფი ტემპებით, დანერგოს საბანკო საქმის გაძღოლის, რეგულირებისა და კონტროლის საერთაშორისო სტანდარტები. სწორედ ამიტომ, საქართველოში საბანკო სისტემა უნდა მოგვევლინოს მთელი ეკონომიკის ლოკომოტივად, მან უნდა უზრუნველყოს ეკონომიკის სუბიექტებისათვის ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობა. სამწუხაროდ, საქართველოს ფინანსური ბაზარი, ფაქტობრივად, დგას ერთ ფეხზე. არის ბანკი და არ არის კაპიტალის ბაზარი. ბანკებს არა აქვთ კონკურენცია კაპიტალის ბაზრის მხრიდან. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ბანკოცენტრისტული სისტემიდან პოლიცენტრისტულ სისტემაზე გადასვლა, საჭიროა კრედიტის ალტერნატივები, ანუ დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნება: დაგროვებითი საპენსიო სისტემა; საფონდო ბირჟა, რომელიც თითოეულ მოქალაქეს აქციების შეძენით საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღოს სხვა კომპანიაში; დეპოზიტების დაზღვევის სისტემა; ექსპორტის დაკრედიტება; ვენჩერული კაპიტალი და საინვესტიციო ფონდები; ფერმერთა ერთი ნაწილის მიწის ნაკვეთების დარეგისტრირება, რათა მათი ბანკში უზრუნველყოფის საშუალებად ჩადებით შესაძლებელი გახდეს კრედიტის აღება; ლიზინგი; გრანტი; ბიზნეს-ანგელოზები; ჯეროვან დონეზე შესრულებული, კრედიტორებისა და ინვესტორებისათვის მიმზიდველი მომგებიანი ბიზნეს-გეგმა და სხვა. ვიტყვით იმასაც, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში არსებულ გამოწვევებზე ორიენტირებული, მოძველებული ქართული საბანკო სისტემის მოდელი უნდა შეიცვალოს ამჟამინდელ პრობლემებზე ორიენტირებული საბანკო მოდელით. კერძოდ, მიზანშეწონილია საბანკო სექტორი, იმპორტმასტიმულირებელი სამომხმარებლო სესხიდან და ვალუტის კურსიდან, გადაერთოს ეროვნული წარმოების მასტიმულირებელ საწარმოო ბიზნეს-სესხსა და ვალუტის კურსზე, რაც ხელს შეუწყობს საქონლისა და ფულის ყიდვა-გაყიდვის ბიზნესიდან საქონლის წარმოებით მოგების მიღების ბიზნესზე გადასვლას.

ზემოთ განხილული პრიორიტეტები ის სექტორებია, სადაც შეფარდებითი უპირატესობა უკვე გამოკვეთილია. დროთა ვითარებაში, ახალი და გაფართოებული საბაზრო მოთხოვნების შესაბამისად, სავარაუდოდ, გამოვლინდება ახალი საექსპორტო შეფარდებითი უპირატესობის მქონე დარგები და საწარმოებიც, როგორც ეს ხდებოდა განვითარებით ჩვენზე წინ მდგომ ქვეყნებში. საქართველოს საგარეო ბაზრების გეოგრაფიული და სასაქონლო დივერსიფიკაცია (გამრავალფეროვნება), ბადებს ახალ ბიზნეს-იდეებს. სწორედ ამიტომ, კომპანიები თუ დამწყები მეწარმენი უნდა დააკვირდნენ ახალი ბაზრების მომხმარებლების საჭიროებებს და პრობლემებს და მათი საჭიროებები და პრობლემები საკუთარი ბიზნესის შესაძლებლობად აქციონ.

* * *

დაბოლოს, ის, რომ ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი არ არის გამოყენებული სრულად; ის, რომ სახნავი მიწების დიდი ნაწილი დაუმუშავებელია; ის, რომ დიდია უმუშევრობა და არაეფექტიანია დასაქმება; ის, რომ კვებისა და მსუბუქი მრეწველობა ჯერ კიდევ სრულად არ არის ჩაწნული შრომის სართაშორისო დანაწილებაში; ის, რომ სახეზეა საბინაო და არა საწარმოო მშენებლობა; ის, რომ შესაცვლელია საბანკო სისტემის მოდელი და სხვა - ეს არის სერიოზული პრობლემა და ხარვეზი. ახლა ამოცანა ისაა, რომ ყველა ეს პრობლემა შესაძლებლობად და ყველა ეს ხარვეზი რეზერვად ვაქციოთ და ამის საფუძველზე დავაჩქაროთ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ: ევროკავშირში გაწევრიანებაზე ორიენტირებული საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გამოწვევაა ეკონომიკური ზრდა, ანუ მშპ-ს მაღალი ტემპით, სტაბილური და გრძელვადიანი ზრდა და ნაზრდი შემოსავლის არა ე.წ. საყოველთაო, არამედ მიზნობრივი, მისამართიანი განაწილება. სხვაგვარად, საჭიროა არა შემოსავლების განაწილებაზე, არამედ შემოსავლების გამომუშავებასა და ზრდაზე ორიენტაცია. ამის გარეშე შეუძლებელია მოსახლეობის თითოეულ სულზე მოხმარებული საქონლისა და მომსახურების მოცულობის ზრდა, ანუ ცხოვრების დონის ამაღლება, უმუშევრობის შემცირება, სიღატაკის დაძლევა და სიღარიბის შეზღუდვა, ხარისხიან განათლებასა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, ინფრასტრუქტურის ჯეროვნად განვითარება, ახალი ბაზრების მოთხოვნების შესაბამისად წარმოების მოდერნიზაცია და შემდგომი გაფართოება, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება, განვითარებული ქვეყნებისაგან ეკონომიკური ჩამორჩენის დაძლევა და საქართველოს ავტორიტეტისა და ცნობადობის ამაღლება. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს მოსახლეობის საყოველთაო, დიფერენციულ კეთილდღეობას და თითოეულ მოქალაქეში კანონზომიერი სიამაყისა და ქვეყნისადმი პატრიოტიზმის გრძნობის ჩამოყალიბებას.

ლიტერატურა:
  1. Пылин А. Экономика постсоветской Грузии: тенденции и проблемы (окончание). Российский экономический журнал 2 / 2013.
  2. http://blogs.worldbank.org/ New country classifications by income level.
  3.   საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური http://www.geostat. ge/?action=- page&p–id=133&lang=geo
  4.   ნამჩავაძე ბ. როდის გახდება საქართველო მდიდარი? | Forbes Georgia | ივნ. 22,2015].
  5.   საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური http://www.geostat. ge/?action=- page&p–id=133&lang=geo.
  6. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია 2020. file:///C:/ Users/comp/Downloads/Strategy24%2012%2013%20(2).pdf]
  7.  ბიულეტენი #13. 1998წ. ივლისი. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი.
  8. გველესიანი რ., გოგორიშვილი ი. ეკონომიკური პოლიტიკა, წიგნი II. თბილისი,2012.
  9. Papaphilippou A. Risks for the Sustainability of Georgia’s Economic Growth. Georgian Economic Trends, February, 2008.
  10. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი                                                                           http:// www.energy.gov.ge/show%20news%20mediacenter.php?id=306&lang=geo
  11.  ენდრიუსი ბ. ამერიკის კომერციის მდივნის მოადგილე, http://medianews.ge/ 03.2016.
  12. იმპორტირებული გაყინული ხორცი – რა შემოწმებებს გადის პროდუქცია ქართულ ბაზარზე მოხვედრამდე? commersant.ge 24.03. 20015.
  13. commersant.ge 06.10.2015. მსოფლიო მასშტაბით, დასაქმებულთა უმეტესობა მომსახურების სფეროში მუშაობს.